საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილებასაც შრომის ინპექტირების დეპარტამენტი მოითხოვს, ნამდვილად არ იქნება მოულოდნელი სიახლე ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის, რადგანაც დადგენილი რეგულაციები სწორედ მათთან კონსულტაციების ფონზე შემუშავდა,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.