გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ახალი მინისტადიონის მოწყობა დასრულდა. განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოედნის საფარი ხელოვნური ბალახით დაიფარა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და დიოდური განათების ახალი სისტემა, ასევე, შეიცვალა ამორტიზებული ბადეები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები და დამონტაჟდა სკამები.
„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ დროს სტადიონზე და სპორტული აქტივობებით კავდებიან. მოგეხსენებათ, ხელთუბანში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების მიღწევასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში დაეხმარება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, ხელთუბანში მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა. სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.