რეგიონი
03.07.2020 14:07
შიდა ქართლში კალიის საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს
შიდა ქართლის რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტო კალიის საწინააღმდეგო წამლობის ღონისძიებებს ატარებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.

„აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, თბილისის შემოგარენში, ამ დროისთვის დამუშავებულია 26 000 ჰექტარი ფართობი. იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, ღონისძიებები საჭიროებისამებრ გაგრძელდება. კალიის საწინააღმდეგო წამლობა სახელმწიფო პროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები იცავს მწვანე საფარსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს განადგურებისაგან და თავიდან გვაცილებს ეკონომიკურ ზარალს. მავნებლის წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, კალიის პოპულაცია რეგულირებადია,“ - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კვირის ამბები