საზოგადოება
03.07.2020 13:52
გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ბარლიანმა გუშინ თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

არაოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბარლიანი დაკავებული პოსტიდან მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს, უწყებაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ხელმძღვანელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ბარლიანმა გუშინ თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და პოსტიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. იგი მოღვაწეობის გაგრძელებას გეგმავს საექიმო საქმიანობის მიმართულებით. ამჟამად, ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობას ადმინისტრაციის უფროსი, ნოდარ ჩიმაკაძე ასრულებს“, - განაცხადეს GMnews-თან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელის თანამდებობა საფინანსო საკითხებში მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა დაიკავოს, თუმცა, ჰოსპიტალში GMnews-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.  

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებდა. ამ დროისგანმავლობაში, ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ, მუშაობის განახლების შესახებ განცხადება 15 ივნისს გააკეთა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუშაობის სრული დატვირთვით განახლების ვადა 1-ელ ივლისამდე გადასწია.

კვირის ამბები