სამართალი
03.07.2020 09:26
პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებულმა შესაძლოა სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივროს, რომლის საფუძველზეც პატიმრობა შეეფარდა

გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და ერთობლივად გადავწყვეტთ  განჩინების გასაჩივრების საკითხს, - ეს განცხადება გორში, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 42 წლის დავით სვიანაძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატმა გააკეთა.

დაკავებული თურქეთის მოქალაქის უფლებებს გორის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი იცავს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოკითხვის დროს დუმილის უფლება გამოიყენა, რაც შეეხება გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და ერთობლივად გადავწყვეტთ ამ განჩინების 48 საათში გასაჩივრების საკითხს“, -  განაცხადა პოლიციელის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატმა.

პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ საღამოს შეუფარდა.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

1-ელ ივლისს, ღამით, ბრალდებულმა, რომელიც ქირით ცხოვრობდა გორში, 1978 წელს დაბადებული დავით სვიანაძის სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით, მძინარე მდგომარეობაში მყოფ სვიანაძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. 

 

 

კვირის ამბები