სამართალი
02.07.2020 22:45
პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

გორში, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 42 წლის დავით სვიანაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს  გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საოლქო პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად 2 ივლისს წარუდგინა და დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობით.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მოსამართლე გერმანე დადაეშქელიანმა დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, გიგა ჯეირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

1-ელ ივლისს, ღამით, ბრალდებულმა, რომელიც ქირით ცხოვრობდა გორში, 1978 წელს დაბადებული დავით სვიანაძის სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით, მძინარე მდგომარეობაში მყოფ სვიანაძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. 

გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს ჩაინიშნა.

კვირის ამბები