შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არსებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, ეროვნულ გამოცდებზე, მაგიდების წინ გამჭვირვალე ფარები განთავსდება, მუშაობის პროცესში კი, აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის უფლება მიეცემათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, იმ საგამოცდო ცენტრებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეებს კონდიციონერის ჩართვის უფლებაც ეძლევათ, თუმცა, კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.
„მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ მუშაობის პროცესში პირბადეები მოიხსნან. ყველა სხვა აქტივობისას, ეს იქნება რეგისტრაცია, კომუნიკაცია თუ საპირფარეშოში გასვლა, მათ უნდა ეკეთოთ პირბადეები. მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი, რაც არის დამატებითი უსაფრთხოების ზომა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ინფექციის გავრცელებას.
რაც შეეხება კონდიცირებას, აქამდე არსებული გადაწყვეტილებით, კონდიცირება ირთვებოდა იქამდე, ვიდრე აბიტურიენტები შევიდოდნენ სექტორებში და ასევე, შუალედებში - ერთი სესიიდან მეორე სესიის დაწყებამდე. ახლა კი, თუ ოთახის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, ამ შემთხვევაში მეთვალყურეს ექნება უფლება, რომ ჩართოს კონდიციონერი, მაგრამ კონდიციონერის ჩართვის მომენტში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადეები, ასევე ბუნებრივი ვენტილაციის რეკომენდაცია კვლავ რჩება, ანუ ფანჯარა კვლავ ღია იქნება“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.