გორის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს ხაშურში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს
ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის განცხადებით, იგი დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრა, თუმცა, აღიარებს თუ არა ბრალს დეკანოიძე, ადვოკატი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ცოლ-ქმარი რამდენიმე წელია ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა ნათია გოგალაძე და ირაკლი დეკანოიძე კვლავ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს გოგალაძემ მიმართა, სასამართლოს ცოლ-ქმრის განქორწინებასა და შვილების მშობლებთან ყოფნის დღეების განსაზღვრაზე სწორედ დანაშაულის დღეს უნდა ემსჯელა. ბრალდებულის ამჟამინდელი ადვოკატი დეკანოიძის ინტერესებს სამოქალაქო დავის საქმეშიც იცავდა.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდარი ფაქტიდან მალევე, სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული ირაკლი დეკანოიძე დააკავეს.