საზოგადოება
02.07.2020 17:08
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში - „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. სიახლე  „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების - ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების“ და „სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების“ კომპონენტებს მოიცავს.

GMnews-ის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. დაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარს ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. ახალი რედაქციით, ასევე, ჩამოყალიბდა პროგრამის სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტიც. სააგენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ახალი სანერგე მეურნეობების შექმნას ან/და არსებული სანერგე მეურნეობების მოდერნიზება-გაფართოებას. თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ იმ სანერგე მეურნეობებზე, რომლებიც შეისყიდიან საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინ ვიტრო ლაბორატორიებს გასამრავლებელი მასალის საწარმოებლად.

ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპონენტის ფარგლებში, განისაზღვრა კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისათვის მოთხოვნები - მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც მოხდება, რეგისტრირებული უნდა იყოს ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, დაგეგმილია თუ არა მონაცემთა ბაზაში „დაცული“ ჯიშის გამრავლება.

კვირის ამბები