ზაფხულში წონის პრობლემაზე განსაკუთრებით წუწუნებენ, ამიტომ ბევრი მიმართავს ზაფხულის ე.წ. ეფექტურ დიეტებს, როგორიც არის მაგალითად, ხილის, ან ბოსტნეულის სამდღიანი დიეტა და ამ პერიოდში მიირთმევენ მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტს - ნესვს, ატამს ან კიტრს და ზედმეტ კილოგრამებს აღნიშნული მეთოდით ებრძვიან. GMnews-ი გაგაცნობთ დიეტოლოგების მოსაზრებებს, რამდენად ეფექტურია მსგავსი ხანმოკლე დიეტები და მართებულია თუ არა მათი დაცვა.
უდავოა, რომ ზაფხული წელიწადის სხვა დროებთან შედარებით მდიდარია ხილით და ბოსტნეულით, თუმცა, მათი მიღებისას უნდა გვახსოვდეს ზომიერება და თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შეფასება შეგვეძლოს. მაგალითად, ნესვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში, ნახშირწყლების გამო მისი სამი-ოთხჯერ მიღება არ შეიძლება, რადგანაც ვამძიმებთ ნახშირწყლოვან ცვლას, რა დროსაც ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილების ჩალაგება ხდება.
თუ ავიღებთ საზამთროს, ის დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის 70% დაახლოებით წყალია, ამ შემთხვევაში როგორც გამწმენდი საშუალება, სასურველია, დღის განმავლობაში მხოლოდ 2 კგ. საზამთრო გამოვიყენოთ. ზომიერება და დოზირების დაცვა აუცილებელია, რადგანაც საზამთროში, სხვა ხილთან შედარებით, წყლის შემცველობა ბევრად მეტია და შესაძლოა, მისმა ჭარბად მიღებამ გარკვეული დაავადებები გაააქტიუროს. კერძოდ, თუ თირკმლის კენჭოვანი დაავადება გვაწუხებს, შეიძლება კენჭის დაძვირის პროვოცირება მოვახდინოთ.
ხოლო თუ დღის განმავლობაში ხილს გამოვიყენებთ, სასურველია ასორტის სახით იყოს, სულ კილო-ნახევრის ოდენობით. ბოსტნეულიდანაც შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გამოვყოთ. ზაფხულის ერთ-ერთი დაბალკალორიული პროდუქტი პომიდორია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ, მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში, დისკომფორტს გამოიწვევს. რაც შეეხება კიტრს, პომიდორთან ერთად, კიტრიც ერთ-ერთი ნაღვლმდენია, მაგრამ კუჭნაწლავის ტრაქტს არ აღიზიანებს, ორგანიზმზე დიდ ზეწოლას არ ახდენს და დადებით თვისებებს ამჟღავნებს, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით წყალია. ზაფხულში სიცხის პირობებში კი, წყლის დეფიციტი ისედაც ვითარდება. ამასთან, გარდა იმისა, რომ კიტრის მიღებით განწმენდა და ორგანიზმის დასვენება ხდება, ბევრი ტოქსინი და შლაკი გამოიდევნება. მაგრამ ამ დროს წონის კორექცია ცხიმოვანი (სხვადასხვა ტოქსინის, შლაკის გამოდევნით) ქსოვილის ხარჯზე არ ხდება, ამით უბრალოდ შეშუპება ცხრება, ვინაიდან ორგანიზმი ამ პერიოდში მარილიან საკვებს არ იღებს და ზედმეტი სითხისგან იცლება.
ასე რომ, დიეტოლოგები გვირჩევენ, მსგავსი განტვირთვის დღეები, მხოლოდ კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ ხილით და ბოსტნეულით შეიძლება მოვიწყოთ იმისთვის, რომ არ გადავტვირთოთ კუჭნაწლავის ტრაქტი, უფრო მხნედ, ენერგიულად ვიგრძნოთ თავი და ამის ფონზე წონის კონტროლიც (და არა კლება) მოვახერხოთ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის მიღება, ვინაიდან წყლის დანახარჯი ზაფხულის სეზონზე ძალიან დიდია. იმისთვის, რომ უჯრედები არ გამოშრეს, არ გამოიფიტოს და არ განვითარდეს დეჰიდრადაცია, წყალი დიდი ოდენობით უნდა ვსვათ.