ერთიანი ეროვნული გამოცდის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა შეეძლებათ, თუმცა, ისინი საგამოცდო სექტორში აუცილებლად, პირბადით უნდა შევიდნენ და დასხდნენ მერხებთან. მხოლოდ ამის შემდეგ, გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნებათ შესაძლებლობა რომ პირბადე მოიხსნან, რადგან ამ შემთხვევაში დისტანცია იქნება დაცული. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც.
„ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე გრძელდება. დღეს, დილით ჩვენ გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი - იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. ასევე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. მსგავსი რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და ეფექტურად, წარმატებით ჩააბარონ გამოცდები,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.