საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო პირობები გაუქმდა და სამედიცინო დაწესებულებამ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.
როგორც GMnews-ს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედი საკარანტინო პირობები გაუქმდა და უწყებამ გუშინ დილიდან განაახლა მულტიპროფილური მომსახურება. შესაბამისად, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს როგორც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, სამოქალაქო პირებსაც. დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ჰოსპიტალში შესვლამდე ყველა პირს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, შიდა პერიმეტრზე კი, პაციენტები ვალდებულნი არიან დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებდა. ამ დროისგანმავლობაში, ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ, მუშაობის განახლების შესახებ განცხადება 15 ივნისს გააკეთა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუშაობის სრული დატვირთვით განახლების ვადა 1-ელ ივლისამდე გადასწია.