საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატებისა, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა, გიორგი გახარიამ გაავრცელა.
პრემიერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
„ევროკავშირის მიერ საქართველოს იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელება, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარებაა იმ წარმატებისა, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. ქვეყანებს შორის საქართველოც არის.
ევროკავშირის განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.
სიაში, საქართველოს გარდა შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, სერბეთი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, რუანდა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.
რაც შეეხება ჩინეთს, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.