ზაფხული საუკეთესო დროა ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისა და განსაკუთრებით დამღლელი სამუშაო თუ სასწავლო წლის შემდეგ. თითოეული ჩვენგანი რელაქსაციის სხვადასხვა საშუალებას მიმართავს. ზოგს ურჩევნია მშვიდი არდადეგები ჰქონდეს, ზოგს კი პირიქით – აქტიური და თავგადასავლებით სავსე, მაგალითად როგორიცაა ლაშქრობა.
ამ მხრივ, შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი კი, კულტურული და ისტორიული-გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტიას გაძლევთ. Gmnews-ი მოგაწვდით ინფორმაციას ლაშქრობის სპეციფიკაზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებსა და იმ აუცილებელ წესებზე რომელთა გათვალისწინებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველი ლაშქრობისთვის ემზადება. იმ შემთხვევაში კი,
თუ ბარგის ჩალაგებას ახლა იწყებთ, გირჩევთ ქვემოთ მოცემულ სალაშქრო სიას გადახედოთ
აფთიაქი – პირველადი დახმარების ნივთებით და ტკივილგამაყუჩებელი აბებით.
ნავიგაცია – რუკები, კომპასი, ჯიპიესი. თუმცა ყველაზე კარგი მაინც ადგილობრივებთან კონტაქტია, რა თქმა უნდა თუ ამის საშუალება გაქვთ.
სანათი – საკმაოდ მოსახერხებელია თავზე გასაკეთებელი ფანარი
ცოტაოდენი ფული, მობილური ტელეფონი, კარავი, საძილე ტომარა, პარალონი...
მზისგან დამცავი საშუალებები – მზის სათვალე, კეპი, მზისგან დამცავი კრემი. ღრუბლიან ამინდშიც კი არის დიდი შანსი, რომ კანის დამწვრობა მიიღოთ.
წყალი – უკეთესია თუ წყლისთვის გამოიყენებთ თერმულ ბოთლს.
საკვები – ლაშქრობა დიდ ენერგიას მოითხოვს, ასე რომ კალორიული საკვები უკეთესია. არ წაიღოთ მალფუჭებადი საკვები. გზად წახემსებისთვის საუკეთესოა თხილი და ტკბილეული.
ტანსაცმელი – ცოტა და კომფორტული ტანისამოსი. არ გირჩევთ იმოგზაუროთ მძიმე ჩანთით, ასე რომ მთელი გარდერობის წაღება არაა აუცილებელი. წაიღეთ მხოლოდ 1 წყვილი ტანისამოსი. თუ ღამის გათევას აპირებთ აუცილებლად წაიღეთ თბილი ტანისამოსი და წინდები. ლაშქრობის ერთ-ერთი საჭირო აქსესუარი საწვიმარია!
ფეხსაცმელი – ფეხსაცმელი ლაშქრობაში ყველაზე მნიშვნელოანია. ალბათ შეხსენებაც ზედმეტი იქნება რომ იგი ყველაზე კომფორტული უნდა იყოს, თუმცა, ასევე გირჩევთ დამატებით წაიღოთ “სათადარიგო” ფეხსაცმელი. შესაძლოა მდინარის გადალახვა მოგიწიოთ ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის მსხვერპლი გახდეთ. სველი ფეხსაცმლით სიარული კი, ლაშქრობაში არც თუ ისე სასიამოვნოა.
პირადი ჰიგიენის ნივთები, ასანთი ან სანთებელა, ჯიბის დანა, ფოტოაპარატი, უბის წიგნაკი – მეტი განცდების გადმოსაცემად და ზურგჩანთა – რაღა თქმა უნდა მოგზაურობა თქვენი საუკეთესო მეგობრის გარეშე წარმოუდგენელია.
ამასთან, გაითვალისწინეთ:
ყოველთვის ჩაალაგეთ ჩანთა გამგზავრებამდე წინა ღამით. დილისთვის ნუ მოიტოვებთ საქმეს.
კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ჩანთაში მოთავსებული ნივთები, რადგან რაიმე არ გამოგრჩეთ.
გამგზავრების წინ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი (სადაც აპირებთ გამგზავრებას).
მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ტბები, ჩანჩქერები, ხელუხლებელი ბუნება; უძველესი საერო და საკულტო ძეგლები - ეს იმ შესაძლებლობების არასრული ჩამონათვალია, რომელითაც შიდა ქართლს გამორჩეული ადგილი უკავია ქვეყნის ტურისტულ რუკაზე, ამიტომაც შეუერთდით ტურიზმის ეროვნული ცენტრის მოწოდებას, აღმოაჩინეთ თქვენი ქვეყნის მემკვიდრეობა, აღმოაჩინეთ ის რაც თქვენია. გისურვებთ საინტერესო მოგზაურობას.