საზოგადოება
01.07.2020 12:37
„ქართული მართლწერის საკითხები“ – 54 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოიცა, 664 გვერდიანი წიგნის ავტორი გორელი იზო ბაქრაძეა

პრაქტიკოსმა პედაგოგმა იზო ბაქრაძემ ქართული მართწერის საკითხებით დაინტერესებულებს ახალი გამოცემა შესთავაზა.

ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, გორელმა ფილოლოგმა 664 გვერდიანი წიგნი გამოსცა, სადაც ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკული სისტემის პრაგმატული ნაწილია მოცემული, რომელიც სავალდებულო წერილობითი ნორმების დამკვიდრებას ემსახურება. იზო ბაქრაძის თქმით, ბოლოს, მსგავსი სახის წიგნი 1966 წელს გამოიცა.

„ჩემი ავტორობით გამოცემული წიგნი - „ქართული მართლწერის საკითხები“ იანვარში დაიბეჭდა, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ფართო საზოგადოება ვერ გაეცნო. რაც შეეხება მის ღირსებას, გეტყვით, რომ გამოცემა საკმაოდ ვრცელტანიანია და მოიცავს როგორც ორთოგრაფიულ ლექსიკონს, ასევე, შეტანილია მორფოლოგიური საკითხები და ბარბარიზმების თემა. მოგეხსენებათ, საზოგადოება, რატომღაც, რუსული ენიდან შემოტანილ სიტყვებს აღიქვამს ბარბარიზმებად, არადა, ბოლო პერიოდში უამრავი ტერმინი შემოიჭრა ინგლისურიდანაც, რომელთა შესატყვისები ქართულ ენაში ნამდვილად არსებობს. ასე რომ, 54 წლიანი პაუზის შემდეგ, ფაქტია, სალიტერატურო ნორმები შეიცვალა და მსგავსი სახის განახლებული გამოცემის საჭიროება ნამდვილად იდგა“, - აღნიშნა GMnews-თან წიგნის ავტორმა.

ამ ეტაპზე, „ქართული მართლწერის საკითხები“ 1700 ეგზემპლარად გამოიცა. ავტორის თქმით, წიგნზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ახალგაზრდებთან ურთიერთობამ კი დაარწმუნა, რომ წიგნის მოხმარების საჭიროება ნამდვილად დგას და იმედოვნებს, ქართული ენის გადასარჩენად გამართულ ბრძოლაში გარკვეული შედეგი დაიდება.

ქართული ენის მართლწერის წესების კრებულის შეძენა შესაძლებელია გორშიც, ილიკო სუხიშვილის ქ.#49
ტელ: (0370) 27 65 64; 577 75 15 34.

კვირის ამბები