01.07.2020 11:17
დღეიდან, 70 წელს გადაცილებული პირებისა და მაღალმთიან ზონაში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა
მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 1-ელი ივლისიდან პენსია 30 ლარით ეზრდებათ 70 წელს გადაცილებულ პირებს და მაღალმთიანი ზონის სტატუსის მქონე დასახლებებში მცხოვრებ პენსიონერებს.
პირველი კატეგორიისთვის ასაკობრივი პენსია 30 ლარით გაიზრდება და 250 ლარი გახდება, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კი, სახელმწიფო შემწეობა 300 ლარი იქნება.
2020 წლის 1-ლი ივლისიდან, ასევე, 30 ლარით ეზრდებათ პენსია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარების ყოველთვიური სახელმწიფო შემწეობა 250 ლარი გახდება.
როგორც ცნობილია, გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.