მეცნიერებმა ჩინეთში აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. როგორც BBC იუწყება, აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა, დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.
მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და შესაბამისად, გლობალური აფეთქება გამოიწვიოს.
მეცნიერების თქმით, ახალი ტიპის გრიპის შტამი, ღორის გრიპის მსგავსია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. ვირუსს ყველა ნიშანი აქვს, რომ ადაპტირებული იყოს ადამიანების ინფიცირებისთვის და მას მჭიდრო დაკვირვება სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ახალია, ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.
ვირუსის სახელწოდებაა - G4 EA H1N1 და ის ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერთა თქმით, ახალი ტიპის გრიპის ვირუსი უკვე დაუდასტურდათ ჩინეთში სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.