კულტურა
29.06.2020 23:28
XVII საუკუნეში, კასტელის მიერ დახატულ გორის ციხეზე გამოსახული 4 დროშა კვლავ აღიმართა

დონ კრისტოფორო დე კასტელის ნახატი გორის ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანელი წყაროა გორის იმჟამინდელ ცხოვრებაზე წარმოდგენის შესაქმნელად..

იტალიელი მისიონერი - დონ კრისტოფორო დე კასტელი საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა და მისიონერული მოღვაწეობა სწორედ გორიდან დაიწყო.

გორში გატარებული პირველი ორი წელი კასტელისთვის სწავლისა და ახალ გარემოსთან შეგუების ხანა იყო.

კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ გორის ციხის ამსახველ ნახატებს შორის. კასტელის ნახატის მიხედვით, გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და ქალაქის იმჟამინდელი ყოფის სხვა დეტალები. იქვე ნაჩვენებია ორსართულიანი სახლებიც.

გორში შექმნილი საომარი ვითარება და ქართული ენის არცოდნა კათოლიკე მისიონერს ადგილობრივებთან ურთიერთობაში ხელს უშლიდა, ამიტომაც იგი მეტწილად სამხატვრო საქმიანობას ეწეოდა.

კასტელის ნახატზე გამოსახული ოთხი დროშის აღმართვის იდეა გასულ წელს, შიდა ქართლის გუბერნატორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შესაბამისი კონსულტაციებისა და ნებართვის საფუძველზე, გორის ციხეზე ოთხი სახელმწიფო დროშა აღიმართა.

GMnews-ის ფოტორეპორტაჟი.




კვირის ამბები