საზოგადოება
29.06.2020 17:23
რკინიგზის სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება

რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

GMnevs-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები კი, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა, სადაც გეგმის მიხედვით სამი ჯგუფური უჯრედია განთავსებული ადაპტირებულია. თითოეული უჯრედი მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელს, სანიტარულ კვანძსა და საძინებელს. გარდა ამისა შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს, რის გამოც, ბავშვებს წლების განმავლობაში ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული.

 

კვირის ამბები