სამართალი
29.06.2020 14:07
წუხელ ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სოფელ ხიდისთავის სიახლოვეს გუშინ საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს და მას სხეულზე სხვადასხვცა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამჟამად, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი. პაციენტს აქვს პოლიტრავმა - თავის მიდამოში ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები და ზედაპირული ჭრილობები ქალას სარქველზე. ასევე, აქვს მოტეხილი ნეკნები როგორც მარჯვნივ, ასევე, მარცხნივ, ჯამურად ხუთი. არის მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, თუმცა, ამჟამად დრენირებულია და სუნთქვა მოწესრიგებულია. მუცელი ინტაქტურია და დაზიანებული არ არის. ამასთან აღენიშნება მენჯის ძვლის მოტეხილობა ორ ადგილას.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის, მკურნალობას გადის ინტენსიური თერაპიის პირველი დონით. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და მაღალი ალბათობით, ხვალ ან ზეგ რეანიმაციულ განყოფილებას დატოვებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლმა და მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მეორე პაციენტი კლინიკიდან გუშინ საღამოსვე გაეწერა.

კვირის ამბები