ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე - ამ და სხვა მიმართულებების პროფესიული განათლების მიღება შიდა ქართლის (და არა მხოლოდ) მოსახლეობას მალე თანამედროვე სტანდატების პროფესიულ კოლეჯში შეეძლება.
განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და შიდა ქართლის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და სასწავლებლის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
გიგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი: „ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებელი შენდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბანას მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება პროფესიული განათლების მიმართულებით“.
პროფესიული კოლეჯი ხაშურში, ბანას მშენებარე ტაძრის მიმდებარედ შენდება და როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საზოგადოებაში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
„ახალგაზრდებს და ზრდასრულებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაეუფლონ სხვადასხვა მოთხოვნად, თანამედროვე პროფესიებს. სასწავლებელი 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი და სამსართულიანი შენობა, დასრულების შემდეგ, სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებთან. ამასთან, იქნება შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული და მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები. სასწავლებლის ეზოში კი, განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული ჯოლეჯის მშენებლობის დათვალიერებისას.
ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.