გორში გამართული წლევანდელი სეზონის პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მართალია, საქართველოს ჩემპიონატი ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მესამე ტურით განახლდა, მაგრამ გორში პირველი მატჩი სწორედ ახლა ითამაშეს, რადგან ,,დილას" მარტში, ორივე ტურის შეხვედრა სტუმრად ჰქონდა გამართული.
ამიტომ იყო, რომ თამაშის დაწყებამდე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. უშუალოდ მატჩის დაწყების წინ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას.
გორელებმა ამ შეხვედრაში ,,სამტრედიას" უმასპინძლეს და მეტოქესთან ქულები გაიყვეს 1:1.
მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა, პირველ ტაიმში მათი მცველის უხეში შეცდომის გამო უკვე მე–15 წუთზე ანგარიშში ჩამორჩნენ. ,,დილას" კარი სამტრედიელთა ლეგიონერმა, დიეგო დისიმ აიღო. საპასუხო ბურთი გორელებმა 12 წუთში გაიტანეს – პენალტი ზუსტად დაარტყა ჩვენი გუნდის ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა 1:1. მცდელობის მიუხედავად, ამის მეტი გოლი თამაშში აღარ გასულა.
შეხვედრა მაყურებლის გარეშე, ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა.
,,დილას" განვლილ სამ ტურში ჯერ წაგება არ აქვს, მაგრამ სამიდან უკვე ორი შეხვედრა აქვს ფრედ დასრულებული.
სატურნირო ცხრილში გორელები ამჟამად 5 ქულით მესამე ადგილზე არიან.
მომდევნო ტურის მატჩს ,,დილა" სტუმრად გამართავს და საჩხერის ,,ჩიხურას" დაუპირისპირდება. თამაში 4 ივლისს, 21 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის თბილისის სტადიონზე ჩატარდება.