საზოგადოება
27.06.2020 13:52
დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შეუძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, უკვე შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე, საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატებისთვის.

ბარათის ამოსაბეჭდად, აპლიკანტი ვებ.გვერდზე online.naec.ge, პირად გვერდზე უნდა შევიდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ნებადართულია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).  

პირადობის მოწმობასთან ერთად საგამოცდო ბარათი იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ დოკუმენტზე დატანილია შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს იწყება და 25 ივლისის ჩათვლით გასტანს. საქართველოს მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი.

კვირის ამბები