ენმ-ს გორის ოფისის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა მომხდარზე პასუხისმგებლობა შიდა ქართლის გუბერნატორს და მის ძმას დააკისრა.
,,გავარკვიეთ ჩვენს ოფისზე თავდამსხმელის ვინაობა, ეს გახლავთ დავით შოთაშვილი, რომელიც 2012 წლიდან აქტიური მხარდამჭერია ,,ქართული ოცნების“ და მათ ყველა ქტივობებში იყო ჩართული, უფრო მეტიც, როდესაც ,,ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონი დავითი გორის მერიის ერთ-ერთ აიპი-ში იყო თანამშრომლად გაფორმებული. აღნიშნულ ინციდენტზე, რომელიც მოხდა გუშინ, მინდა, დავადანაშაულო მხარის გუბერნატორი, სწორედ ხოჯევანიშვილს ვაკისრებ მე პასუხისმგებლობას და დღეიდან, რაც კი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით იქნება განხორციელებული ამგვარი ინციდენტები, პასუხისმგებლობას ვაკისრებ ძმებ ხოჯევანიშვილებს, ვინაიდან მათი და სუს-ის გარეშე, ასეთი დაგეგმილი ინციდენტები არ ხდება და სწორედ მათი დავალებით შესაძლებელია მომხდარიყო გუშინდელი ის ფაქტი, რაც მოხდა შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმა“, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.
ბასიშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია მხარის რწმუნებულს. გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, აფსურდის თეატრსა და მსგავს არასერიოზულ ცილისწამებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1969 წელს დაბადებული დ.შ. გუშინვე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.