ეროვნული ლიგის პირველ მატჩს „დილა“ ხვალ გამართავს, აკმაყოფილებს თუ არა სტადიონი დადგენილ მოთხოვნებს
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის თამაშები გუშინ განახლდა. გორის „დილას“ პირველი მატჩი ხვალ, 21:00 საათზეა ჩანიშნული, გორელები „სამტრედიას“ უმასპინძლებენ. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, თუმცა, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორის თქმით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ორჯერ უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დღეს კი, კიდევ ერთხელ მოხდა სტადიონის დეზინფექცია. „პანდემიის პერიოდში ორჯერ უკვე ჩატარდა სტადიონის დეზინფექცია, თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები - სპეციალური ხსნარებით დამუშავდა გასახდელები, მსაჯების ოთახი, დელეგატების ოთახი, პრეს-ლოჟა, ანუ ის სივრცე, სადაც ჩემპიონატის დროს ხალხი იმოძრავებს.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე გაგრძელდება და მინდა სტადიონის სახელით ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს, რომ კარებები დაკეტილი დახვდებათ. მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გვექნება დაცული, დამატებით კიდევ პოლიციასაც დავიხმართ, ამასთან გვეყოლება სპეციალური დაცვის სამსახური. სტადიონი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტსა და რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გია ისიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი 1-ელ მარტს დაიწყო და კორონავირუსის გავრცელების გამო, მხოლოდ ორი ტურის თამაშები გაიმართა.