26.06.2020 13:38
მასწავლებელთა დაანონსებული სახელფასო მატება და საპენსიო ჯილდოს პროგრამა გაგრძელდება - პრემიერ-მინისტრი
„შეუძლებელია, ვისაუბროთ ეფექტურ განათლების რეფორმასა და სისტემაზე, თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები, ამიტომ ის პროგრამა, რომელიც იყო დაანონსებული მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა, ასევე, ისაუბრა მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოზეც და განაცხადა, რომ ეს პროგრამა კვლავაც გაგრძელდება.
„აქ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ გასულ წელს, საპენსიო ასაკის ათასობით პრაქტიკოს მასწავლებელს გადავეცით ფულადი ჯილდო და ისინი ღირსეულად გავიდნენ პენსიაზე. შეგახსენებთ, რომ ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე, დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი - ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.