სამართალი
26.06.2020 12:36
ენმ-ს გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის მინები ჩაამტვრიეს. დაზიანებულია ოფისში არსებული ტელევიზორი და კომპიუტერის მონიტორი. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. GMnews უცვლელად გთავაზობთ შსს-ს ინფორმაციას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვირის ამბები