სამართალი
25.06.2020 17:23
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სოფელ გუგუტიანთკარში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.გ. სოფელ გუგუტიანთკარში დააკავეს. დაკავებულს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

აღნიშნული დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ თან ნაქონი, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ნათქვამია შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კვირის ამბები