რეგიონი
25.06.2020 10:48
შიდა ქართლში წარმოებული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

შიდა ქართლში წარმოებული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა საწარმომ „შპს „გლენბერმა“ შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი აშშ-ში განახორციელა. აღნიშნული სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმო ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. 

შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„შპს „გლენბერი“ ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფერმერებზე. აღნიშნული საწარმო უკვე მეორე წელია, საერთაშორისო ბაზრებს აწვდის მათ მიერ წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მხარის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მსგავსი საწარმოების არსებობა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც ცნობილია, სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში ასევე დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000. 

კვირის ამბები