შესაძლოა, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე მუშაობის პროცესში პირბადის გამოყენება აღარ მოეთხოვოთ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება მოახდიანა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი საგამოცდო მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ იქ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი დებატია გლობალურად და ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.