აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე შეეძლებათ , - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
ცენტრის ხელმძღვანელი აპლიკანტებს მოუწოდებს, საგამოცდო ბარათზე არსებულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნონ.
„ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტები გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე და ამობეჭდონ საგამოცდო ბარათი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ დეტალურად კიდევ გავაჟღერებთ ინფორმაციას, თუმცა, დაახლოებით ათი დღით ადრე უკვე შესაძლებლობა ექნებათ რომ ბარათები ამობეჭდონ.
ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ ყურადღებით გაეცნონ ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რადგან დეტალურად იქნება აღნიშნული, გამოცდის დრო, დღე, საათი... წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, გამოცდები დამატებით დღეებშიც ჩაინიშნა, ამიტომ, აბიტურიენტებმა ზოგადად თუ იციან რომელ დღეს ტარდება გამოცდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათაც იმ დღეს უტარდებათ. შესაბამისად, ყველას ვურჩევ, ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას. არასწორად ამოკითხული თარიღის ან სესიის გამო არ გამოტოვონ გამოცდა“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.