შიდა ქართლში ალოობა ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. გორის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკით რათა ფერმერები ჩაეტიონ აგრო ვადებში და მოსავლის აღების პროცესში რისკები და პრობლემები არ შეიქმნას. აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე ქერისა და ხორბლის გაცილებით უკეთეს მოსავალს მივიღებთ. მართალია, წელს მოსახლეობამ აქცენტი ბოსტნეულისა და სხვა მარცვლოვანი მცენარეების მოყვანაზე უფრო გააკეთა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარემო პირობებმა და კარგად შერჩეულმა სათესლე მასალამ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაზარდა. რაც შეეხება მოსავლის ამღებ ტექნიკას, გეტყვით რომ ამ დროისთვის რეგიონში არსებული ტექნიკა კახეთშია გადასროლილი, სადაც იქაურ ფერმერებს ეხმარება და როგორც კი ალოობის პროცესი ქართლში გადმოინაცვლებს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეეძლება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.
ცნობისთვის, წელს, გორის მუნიციპალიტეტში ქერი 4 100 ჰა, ხორბალი კი - 2 200 ჰა მიწის ფართობზე დაითესა.