შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა.
„კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვისაც,“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გუშინ დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ.