საზოგადოება
23.06.2020 15:01
ჩირის საშრობი აპარატი „ენლილი“ - ბადრი ციქუბაძის გამოგონება და ახალგაზრდა აგროფერმერის გეგმები
35 წლის ბადრი ციქუბაძეს უკვე ოთხი წელია საკუთარ მიწის ნაკვეთზე ეკოლოგიურად ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. ამბობს, რომ საქართველოში ბიო მარკეტი ახლა იკიდებს ფეხს და მომხმარებლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აგროფერმერმა მოწეული მოსავალი ბაზარზე უკვე გაიტანა, თუმცა, მიღებული შემოსავალი მისთვის არამომგებიანი აღმოჩნდა და პროდუქტის გადამუშავებაზე და ჩირის წარმოებაზე დაიწყო ფიქრი. ბუნებრივია, ამისთვის საჭირო იყო საშრობი დანადგარი, რომლის შეძენაც ახალგაზრდა მეწარმესთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა. „სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, აპარატის შეძენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადავწყვიტე, თვითონ დამემზადებინა ჩირის საშრობი აპარატი. ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე კონსტრუქციები, გავერკვიე სხვადასხვა ტექნიკურ ნიუანსში და პირველი პროტოტიპიც შევქმენი. რადგან სისტემა ჰაერის ცივი და ცხელი ჰაერის სინქრნულ დაქროლვაზე მუშაობს, შუმერების ქარის ღვთაების სახელი ,,ენლილი“ დავარქვი. ერთი წელი ვამუშავე სატესტო რეჟიმში სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის და მცენარეების გამოსაშრობად მომიწია გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა და ახლა აპარატი იდეალურად მუშაობს. არ ხდება ჩახარშვა, რაც მასიურ წარმოებებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პროდუქტი შრება დაბალ ტემპერატურაზე და იდეალურად ინარჩუნებს ფერს, ვიზუალურ მხარეს თუ გემოვნურ თვისებებს. ახლა, მსურს აპარატის სარეალიზაციო ვარიანტის დამზადება, ჩემი გამოთვლებით, ის ბაზარზე არსებულ იმპორტირებულ ანალოგებთან შედარებით სულ მცირე 4-ჯერ იაფი დაჯდება,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბადრი ციქუბაძემ. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, პროექტის განხორციელებისთვის გარკვეული სახის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიწერა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მათგან დადებითი გამოხმაურების იმედი აქვს.
კვირის ამბები