საზოგადოება
23.06.2020 10:43
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია დღიდან დაიწყება

2020-2021 სასწავლო წლისთვის ცალკეულმა საჯარო სკოლებმა პირველკლასელთა მისაღებად დამატებითი ადგილები განსაზღვრეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტიგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება.

სიახლე შეეხება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებს.

თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსებულია ვებგვერდზე: catalog.edu.ge, რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება registration.emis.ge-ს საშუალებით.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას, თუმცა, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა გათვალისწინებული ლიმიტი.

„საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე,“ - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მესამე ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 5 ივლისი.

ამასთან, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ პირველკლასელთა რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე მეოთხე ეტაპზეც. ამ შემთხვევაში საჯარო სკოლების ადმინისტრაციასუნდა მიმართონ.

კვირის ამბები