უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ფუნქციონირებს და ვიზიტორებს უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ Gmnews-ს დაწესებულების ხელმძღვანელმა განუცხადა. ბადრი გასპაროვის თქმით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ძეგლებთან ერთად, ვიზიტორების მიღება ორი დღის წინ დაიწყო და ამ დროისთვის, უკვე 230 ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.
„ვიდრე ფუნქციონირებას დავიწყებდით, გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ. თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, პირველი სტუმრები 20 ივნისს მივიღეთ. რაც შეეხება ვიზიტორებს, გახსნის დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერი კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გვსტუმრობდა.მუზეუმში შესასვლელად პირველი ბილეთი სწორედ კონსტანტინე თავზარაშვილმა შეიძინა. პირველ დღეს 80 დამთვალიერებელს ვუმასპინძლეთ, მეორე დღეს კი, 150 სტუმარი მივიღეთ, რომელთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიაში მონაწილე უცხოელები, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველოში მოუწიათ ყოფნა და საქმიანობა“, - აღნიშნა ბადრი გასპაროვმა.
მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უფლისციხის დამთვალიერებელთა რაოდენობა დღეში 1000-1500 ვიზიტორამდე იყო.
Gmnews-ი შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირების მიზნით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთის ფასი, სამი თვით, 15-დან 7 ლარამდე შემცირდა.