ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება პროგნოზი მომავალში.
„ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან პანდემიის პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში შეიცვალა ცხოვრების რიტმი - ზოგმა გადადო არჩევნები,ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა - გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, მოგეხსენებათ, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა, თუ როგორია დღევანდელი ეპიდსიტუაცია და იძლევა თუ არა არსებული რეალობა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას? ჩემი პასუხი ამაზე არის მარტივი -დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და, რა თქმა უნდა, ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის შემდეგ, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოსახლოებას კვლავ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებისა და საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.