ტრადიციულ დღესასწაულზე გაცოცხლდება ძველი გორი თავისი ტრადიციებითა და კულტურით. 12 საათზე გორის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული კირიონ II-ეს ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგრძელდება.
დილიდან, გოგებაშვილის ქუჩაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის უამრავი ატრაქციონი იმუშავებს.
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები (სხვადასხვა სახეობის ხილი, ყველი, ფრინველის ხორცი, ცოცხალი თევზი და სხვა) და ადგილზე დააგემოვნოთ იქვე გამოხდილი ჭაჭის არაყი, ქვევრის ღვინო, საწნახელში დაწურული ყურძნის წვენი, სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები და ხაბიძგინები, ამოავლოთ ჩურჩხელები. სტუმრებს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ წინდების ქსოვის მასტერკლასში და კერამიკოსებთან ერთად გამოძერწოთ თქვენთვის სასურველი ჭურჭელი.
დღის განმავლობაში, გაიმართება კულტურილი, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. მათ შორის: გორის საკათედრო ტაძრის წინ გაცოცხლდება წინა საუკუნეების ტრადიცია და ჩატარდება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ხალხურ თამაშ ლახტში.
მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელნაკეთი ნივთებისა და ყველა თაობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება გორის რესურსცენტრის, სკოლებისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიღწევების ამსახველი გამოფენები. რესტორნები წარმოადგენენ ძველი, ხალხური რეცეპტებით მომზადებულ კერძებს, წერეთლის ქუჩაზე კი, დღის 12 საათიდან გაიმართება კონცერტი.
,,გორის დღე 2019“-ზე მოწვეულები არიან და საინტერესო კუთხეებს წარმოადგენენ: კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტები.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 17:00 საათზე დაიწყება კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდის, ს. ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ მონაწილეობით. გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.
19:00 საათზე, ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “-ს დაასრულებს გალა-კონცერტი ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით. მასშტაბური ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.