ჩატარდა კვლევები, მათ შორის Covid 19-ზე, პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი, - ეს განცხადება ,,გორმედის“ ინფექციური განყოფილების ექიმმა თამილა გოგიაშვილმა იმ პაციენტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გათავისუფლებული ჯუმბერ ფსიტიძე სამართალდამცავებმა კლინიკაში გუშინ საღამოს შეიყვანეს.
მედპერსონალის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით კვლევები ტარდება.
,,პაციენტი, რომელიც სამართალდამცავებმა შემოიყვანეს, პროფილაქტიკური კვლევებისთვის მოთავსებულია ე.წ. ცხელების ბლოკირებულ პალატაში. მას ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იძულებით ჰყავდათ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც ვირუსული ინფექცია არის გავრცელებული, უტარდება კვლევები. აღებულია ნიმუში Covid 19-ზე და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. სწორედ ამ ანალიზის პასუხის შესაბამისად მოხდება შემდგომი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა თამილა გოგიაშვილმა.
სოფელ ახალუბნის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს.