საზოგადოება
22.06.2020 10:55
გახანგრძლივდება თუ არა ავტომანქანების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა


შინაგან საქმეთა სამინისტრო სატრანსპორტო საშუალებებზე ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს, შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში უკვე წარადგინა.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ავტომობილის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით შეუნარჩუნდება. შეგახსნებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვადა 2020 წლის პირველი სექტემბრით არის განსაზღვრული.

უწყებაში ვადის გაგრძელების მიზეზად კორონავირუსს და ამ თვალსაზრისით პრევენციულ ღონისძიებებს ასახელებენ.

„სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ძველი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი 539 739 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას გააჩნია, შესაბამისად, 2020 წლის პირველი სექტემბრისთვის შესაძლებელია, სააგენტოში ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნის ოდენობა ბევრად აღემატებოდეს მომსახურების სააგენტოს მატერიალური და საკადრო რესურსის შესაძლებლობებს. ამასთან, მომსახურების მიღების მიზნით, მოქალაქეთა სააგენტოში გამოცხადება გამოიწვევს ერთ სივრცეში პირთა დიდი ოდენობის თავშეყრას, რაც გაზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში

კვირის ამბები