რეგიონში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებისას.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.
გუბერნატორის თქმით, რეგიონში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
,,სოფელ თედოწმინდაში მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე, მოეწყობა სკოლამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის ასფალტირება, სანიაღვრეები. სკოლის მშენებლობის პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. სკოლა ფუნქციონირების დაწყებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. ეს თხოვნა სოფლის მოსახლეობამ დააყენა და მათ სულ მალე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო შენობის, სპორტული მოედნის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ასევე, მიმდინარეობს სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირება, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 403 136 ლარია გათვალისწინებული.