საზოგადოება
19.06.2020 15:03
კორონავირუსი წყალში გადამდები არ არის და ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ შეიცავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ზღვაზე დასვენებისას

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დასვენების სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოქალაეები საზღავო კურორტებზე დასასვენებლად ემზადებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებს გარკვეულ რჩევებს აძლევს და აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებზე მუშაობს. ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის დაცვაც გამქირავებლებს დაევალებათ, შეზლონგებზე ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებლის გამოყენება და ყოველი მოხმარების შემდეგ, შეზლონგის სველი წესით დამუშავება იქნება, თუმცა, ამირან გამყრელიძე დამსვენებლებს ურჩევს, შეზლონგი გამოყენებამდე თავადაც გაწმინდონ.

„კორონავირუსის წყლით გადადება არ ხდება, იქ საფრთხილოა ზედაპირები, მათ შორის შეზლონგები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ინფიცირებულმა ადამიანმა. შეზლონგები ხმარების შემდეგ კარგად, სველი წესით უნდა დამუშავდეს. ამასთან, გამოყენებული უნდა იქნას ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებელი. თუ კოვიდიინფიცირებულმა მოქალაქემ დააცემინა ან დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს ყოველი გამოყენების წინ. რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს ვირუსზე,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფიზიკური დისტანცია ზღვის სანაპიროზეც დაიცვან.

კვირის ამბები