ხვალიდან, ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ძეგლები შეემატება. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით გახსნება.
„სააგენტოს აქტიური ძალისხმევით, ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებები შეემატება, მათ შორის რამდენიმე ძეგლი შიდა ქართლში მდებარეობს. გირჩევთ, ეწვიეთ ულამაზეს ატენის ხეობას და მოინახულეთ ახლადრეაბილიტირებული წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.
ტაძრის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა და იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა. რესტავრაციამდე, ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომაც, პირველ რიგში განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების , სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. სამუშაოები მიმდინარეობდა უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. ძეგლი, გულგრილს არცერთ ვიზიტორს დატოვებს,“ - ნათქვამია “, - კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შიდა ქართლის მასშტაბით, ტურისტულ მარშრუტებს ახლო მომავალში შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხეც. ამასთან, მალე სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი.