დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტი პირბადის გარეშე არ დაიშვება. GMnews დაინტერესდა, დადგენილია თუ არა, რომელი პირბადის გამოყენებაა ნებადართული გამოცდის პერიოდში - მრავალჯერადი თუ სამედიცინო ნიღბის და ექნებათ თუ არა აბიტურიენტებს მისი გამოცვლის შესაძლებლობა?
როგორც GMnews-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, ამ კუთხით აბიტურიენტები შეზღუდულები არ არიან და შეუძლიათ, არჩევანი მათთვის კომფორტულ ნიღაბზე გააკეთონ.
„აბიტურიენტი ნამდვილად არ არის შეზღუდული პირბადის სახეობაში. მას შეუძლია თან იქონიოს მისთვის კომფორტული ნებისმიერი სახის პირბადე, ასევე სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში გამოცვალოს ის. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს, ვისაც არ ექნება პირბადე, ადგილზე დაახვედრებს ე.წ. სამედიცინო ნიღაბს,“ - განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს, ეროვნული გამოცდები გარკვეული რეგულაციების დაცვით ჩატარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე; ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით; მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი, სიგრძით კი - 1 მეტრი იქნება. ასევე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საგამოცდო ოთახებში არ იქნება ჩართული გაგრილების საშუალებები.