სპორტი
17.06.2020 21:39
ლექვთაძე 8 წლის შემდეგ გორში დაბრუნდა

სეზონის განახლების წინ გორის „დილამ“ ირაკლი ლექვთაძე დაიმატა. 28 წლის ნახევარმცველთან გორელებმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ლექვთაძე ბოლოს საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას იცავდა, თუმცა, საინტერესო ისაა, რომ მას „დილაში“ ადრეც, კერძოდ კი - 2012 წელს აქვს ნათამაშები. სწორედ ამ სეზონში შეძლო „დილამ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის აღება. ეს თასი თავად ლექვთაძემ კიდევ ერთხელ 2017 წელსაც მოიპოვა, ოღონდ მაშინ უკვე საჩხერელთა ღირსებას იცავდა. საინტერესო კი აქ ის გახლავთ, რომ ფინალი, რომელიც „ჩიხურამ“ (და მის შემადგენლობაში ლექვთაძემ) მოიგო და თასი აღმართა, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ლექვთაძე საკმაოდ გამოცდილია, რადგან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2009 წლიდან ასპარეზობს და „დილასა“ და „ჩიხურას“ გარდა, თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, „ცხინვალის“ და ბოლნისის „სიონის“ რიგებშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის განახლებამდე სულ ცოტაღა დარჩა. ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები 25 ივნისს დაიწყება, გორის „დილა“ კი პირველ მატჩს 27 ივნისს, შინ გამართავს.

გორელები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 21 საათზე დაიწყება. თამაშები ეროვნულ ლიგაში ჯერჯერობით უმაყურებლოდ ჩატარდება.

 

კვირის ამბები