ტურიზმი
17.06.2020 19:26
20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება - რა მარშრუტებს სთავაზობს დამთვალიერებელს შიდა ქართლი

20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება. ქვეყნის შიგნით მოგზაურების მომსახურებას მიმდინარე კვირიდან განაახლებს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა და ტურისტული ობიექტის გახსნამდე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, შიდა ქართლში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში შიდა ტურიზმის სეზონი გახსნილად გამოცხადდა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ღია სივრცის გათვალისწინებით ერთ-ერთი პირველი მუზეუმი იქნება, რომელიც საქართველოში გაიხსნება. მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ მუზეუმის ადმინისტრაციის და ჩვენი ერთობლივი შეთანხმებით მუზეუმში ვიზიტორებისთვის ბილეთის ღირებულება განახევრდა. შიდა ქართლში ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ემატება არაერთი ახალი ტურისტული ლოკაცია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რეგიონმა კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს უმასპინძლოს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში გიგი ხოჯევანიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სააგენტო უკვე მზადაა აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ეტაპობრივად გახსნას. „ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის სააგენტომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების სატარიფო განაკვეთების შემცირებისა - მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვიზიტორებითვის სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება. ამავდროულად, სააგენტოს აქტიური ძალისხმევით მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის მასშტაბით, ტურისტულ მარშრუტებს ახლო მომავალში შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხე. ამასთან, სულ მალე სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი.

კვირის ამბები