პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის მიღებისთვის რეგისტრაცია 10 აგვისტომდე გაგრძელდება, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროფესიული განათლების მიღება საჯარო კოლეჯებში სრული, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი, ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით იქნება შესაძლებელი.
„2020 წლის ჩარიცხვის ახალი მიდგომა ზრდის ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი პირების წვდომას პროფესიულ სწავლებაზე. წელს, პირველად, ქვეყნის მასშტაბით 10 კოლეჯი, მსმენელებს სთავაზობს პროგრამებს, რომელთა დასრულების შემდეგ გაიცემა სრულ ზოგად განათლებასთან გათანაბრებული დიპლომები. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო პროგრამებზე, რომლებზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ეროვნული ტესტირების გარეშე, შიდა შერჩევის გზით ჩაირიცხებიან“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება 20 მაისს გამოცხადდა. წელს, აპლიკანტებს შესაძლბელობა აქვთ, საქართველოს მასშტაბით 34 საჯარო პროფესიული დაწესებულების 120-მდე პროგრამიდან მათთვის სასურველზე გააკეთონ არჩევანი.