უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები, მათშორის მუზეუმებთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება. შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ“ -ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.