გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სპორტულ მოედანზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ახალგაზრდებს ივნისის ბოლოს ახალი მინისტადიონით სარგებლობა შეეძლებათ. „მინისტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების მიღწევაში დაეხმარებათ,“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოედნის საფარი ხელოვნური ბალახით დაიფარა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და დიოდური განათების ახალი სისტემა, ასევე, შეიცვალა ამორტიზებული ბადეები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები და დამონტაჟდა სკამები.