საზოგადოება
16.06.2020 12:33
„ჩვენი მიზანია მდგრადი განვითარება“ - კონკურსი ახალგაზრდა ფოტომოყვარულებისთვის

ენერგოეფექტურობის ცენტრი ფოტოკონკურსს აცხადებს, რომლის სლოგანიც „ჩვენი მიზანია მდგრადი განვითარება“ გახლავთ. საკონკურსო პირობების მიხედვით, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაღებული საკონკურსო ფოტო-სელფი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ამსახველი უნდა იყოს.  

საკონკურსო პირობები ასევე რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებს: ერთ ფოტომოყვარულს შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ 3 ფოტო; ფოტონამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია და ფოტოს გადაღების ლოკაცია; ნამუშევრები მიიღება ელ-ფოსტაზე - eecgeo@eecgeo.org.

ყველა საკონკურსო ფოტო ენერგოეფექტურობის ცენტრის facebook-გვედზე ცალკე ალბომად აიტვირთება. ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების გაგზავნა 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, გამარჯვებულები 2020 წლის 25 ივნისს ონლაინ რეჟიმში გამოვლინდებიან და საუკეთესო ნამუშევრების ავტორები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტი 2014 წლიდან მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტია.

კვირის ამბები